მთავარიაზიასირიასირია გამოძიებას იწყებს: სწრაფვა სამართლიანობისკენ თუ სანქციების თავიდან არიდების მცდელობა?

სირია გამოძიებას იწყებს: სწრაფვა სამართლიანობისკენ თუ სანქციების თავიდან არიდების მცდელობა?

სირიაში სამხედრო დაპირისპირებისა და მასობრივი მკვლელობების შემდეგ, სირიის გარდამავალი მთავრობა ეროვნულ საგამოძიებო კომიტეტს აყალიბებს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება ამ უწყების დამოუკიდებლობის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარა აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარების ესკალაცია და შეტაკებები დაკავშირებულია გაქცეული დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მომხრეებსა და საგარეო ძალებთან, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოუყვანია.

აჰმედ ალ-შარა აცხადებს, რომ საგამოძიებო კომიტეტი დასჯის ყველას, ვინც ალავიტების მასობრივ მკვლელობაშია დამნაშავე. თუმცა, ამავდროულად უარი თქვა ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეთა ვინაობის გამხელაზე.

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი მხოლოდ იმას ამბობს, რომ უსაფრთხოების ორგანოები სიმართლის გამოსავლენისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისთვის მუშაობენ.

სირიის გარდამავალი მთავრობა საგამოძიებო კომიტეტს აყალიბებს, რომელიც ქვეყნის ლიდერის თქმით, გამოიძიებს მომხდარს და შემდეგ დასჯის ყველას, ვინც სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილეობდა და პასუხისმგებელია ალავიტების მასობრივ მკვლელობაში.

თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას ბოლომდე არ სჯერა, რომ საგამოძიებო კომიტეტი მთავრობისგან დამოუკიდებელი იქნება. დამატებით ეჭვს აჩენს ისიც, რომ სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერს აჰმედ ალ-შარას დღემდე არ დაუსახელებია იმ პირთა ვინაობები, ვინც ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა.

საჭირო ბრძოლა თუ “რელიგიური მოტივით ხოცვა-ჟლეტა?”

ოფიციალურ განცხადებებში, აჰმედ ალ-შარა ამბობდა, რომ უსაფრთხოების ძალები გაქცეული დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს ებრძოდნენ, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციების და საერთაშორისო მედიების მიერ გამოქვეყნებული საველე ანგარიშები მომხდარს განსხვავებულად აღწერენ. ანგარიშებში გამოყენებულია სიტყვები – „რელიგიური მოტივით ხოცვა-ჟლეტა“, „მასობრივი სიკვდილით დასჯა და ალავიტი მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადადგილება.“

მათ შორის, ვინც ღიად აკრიტიკებს ალ-შარას მთავრობას და მოუწოდებს გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მოძალადეთა დასჯისთვის, არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ეს იყო ხოცვა-ჟლეტა, რომლის გამართლებაც შეუძლებელია. ვაშინგტონმაც გააფრთხილა სირიის გარდამავალი მთავრობის წევრები, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები სირიას სანქციებს დაუწესებდა.

სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სირიის გარდამავალი მთავრობის მხრიდან საგამოძიებო კომიტეტის ჩამოყალიბების ინიციატივა, დასავლეთის ზეწოლამ გამოიწვია და არა დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ნამდვილმა ნებამ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ დააკვირდება საგამოძიებო კომიტეტის მუშაობას და მის დასკვნებს. თუმცა, მოსკოვი და პეკინი მესალმებიან კომიტეტის ჩამოყალიბების იდეას და აცხადებენ, რომ სირია გამოძიებას საგარეო ჩარევის გარეშე გაუმკლავდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend