მთავარიევროპასერბეთისერბეთში მღელვარებაა 15 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

სერბეთში მღელვარებაა 15 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

სერბი სტუდენტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქ ბელგრადში მსვლელობით მიემართებიან.

გასული ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, მათგან ყველაზე მრავალრიცხოვან დემონსტრაციაში 100,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მოსალოდნელია, 15 მარტს დაგეგმილი ანტი-კორუფციული აქცია ყველაზე მასშტაბური იქნება.

მომიტინგეები ნოვი სადის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოქვეყნებას და გასული წლის 1-ელ ნოემბერს, სახურავის ჩამონგრევის შედეგად მომაკვდინებელ ინციდენტზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ – სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.

სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაგეგმილ აქციაზე მომიტინგეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ელიან.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, დემონსტრანტებს ცივილურად და ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოქმედებისკენ მოუწოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში, ვუჩიჩმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, დემონსტრაციების დროს პოლიციელებზე სასტიკ თავდასხმაში დასდო ბრალი.

„პატივცემულო მოქალაქეებო, მსურს კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდო, არ მიიღონ ძალადობრივი ზომები თავიანთ ბრძოლაში, არ იმოქმედონ არაკონსტიტუციურად, არ შეაფერხონ სხვა ადამიანების გადაადგილება და არ გამოიწვიონ მძევლების კრიზისი ვინმესთვის მუშაობასა ან ცხოვრებაში ხელის შეშლით. არ დაესხან თავს პოლიციას, როგორც ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გააკეთეს. მოვუწოდებ, მოიქცნენ ცივილურად და ამ ქვეყნის კანონების შესაბამისად. სწორედ ასე მოქმედებს სერბეთის პოლიცია და ყველა სახელმწიფო ორგანო. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, რათა ნებისმიერ ფასად ავირიდოთ ძალადობა.

ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომელთა პარტიებიც მართავდნენ ამ ქვეყანას, მიაჩნიათ, რომ სტუდენტების ექსპლუატაციის გზით კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში – იმის გათვალისწინებით, რომ მათ სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას აპირებენ 15 მარტს – კიდევ ერთხელ მოვუწოდებ არ  გააკეთონ ეს, არ მიმართონ ძალადობას… იმის თქმა, რომ ძალადობა მე გამოვიწვიე, ფაქტებს არანაირად არ შეცვლის“, – აცხადებს ალექსანდრ ვუჩიჩი.

პირველი ნოემბრის ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყანა ანტი-კორუფციულმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. დემონსტრანტები ხელისუფლების ლიდერებისგან მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვენ.

1-ელი ნოემბრიდან მოყოლებული სერბი სტუდენტები, გაფიცული ფერმერები და ბიზნესები აქციებს ყოველდღიურად, ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტ დასახლებაში მართავენ.

აქციების სიმბოლოდ ქცეული სისხლიანი ხელი კი მათთვის ადამიანების სიცოცხლის ფასად შენარჩუნებულ კორუფციულ მმართველობას გამოხატავს.

თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აქციებს მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორების და სერბეთში „უკრაინული სტილის რევოლუციის მოწყობის“ მიზნით, დასავლეთის მიერ ორკესტრირებულ ხრიკს უწოდებს და პირობას დებს, რომ დემონსტრაციების გამო თანამდებობას არასდროს დატოვებს.

ვუჩიჩი და მისი მემარჯვენე პარტია სერბეთს 10 წელზე მეტია მართავენ. აქციების მონაწილეები და კრიტიკოსები მათ ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვაში სდებენ ბრალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend