მთავარისაქართველო„შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს”- საია

„შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს”- საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” დღეს, 12 მარტს, პრესკონფერენცია გაიმართა. საიაში განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს მასიური კონტროლისთვის იყენებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში განსაკუთრებით შეინიშნება. საიაში თქვეს, რომ ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებად სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოებია წარმოდგენილი და ისინი ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად ცნობისთვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განაცხადეს, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ მეთვალყურეობას/თვალთვალს.

„2025 წლის იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღბეჭდილია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე, შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, ამ დროს კადრს აახლოებს შესაბამისი პირი იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება „ლაივ რეჟიმში“. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად”,- აცხადებენ საიაში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ამბობენ, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან.

საიას შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს შსს-ს მიერ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე. ისინი მოუწოდებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომ დროულად და სათანადოდ შეისწავლოს ეს ფაქტი და გასცეს შესაბამისი პასუხი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend