სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.
უწყების ცნობით, მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
„ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, – წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.