მთავარისაქართველოსხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორები მხარდაჭერას უცხადებენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს

სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორები მხარდაჭერას უცხადებენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს

უკვე ორი დღეა, სხვადასხვა უნივერსიტეტების ლექტორებისგან შემდგარი გაერთიანება „ქართული განათლება საფრთხეშია“ ცდილობს, გაიგოს, რატომ შეუწყვიტეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს სტატუსი.

ამ მიზნით ისინი 11 მარტს უნივერსიტეტში მივიდნენ და ეთიკის კომისიასა და აკადემიურ საბჭოს წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ამაოდ.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა, რომელიც პროტესტის ნიშნად ღამეებს ათევდა შენობაში, 10 მარტს შეტყობინება მიიღო, რომ მათი სტატუსი შეწყდა. იქამდე კი შენობის დეზინფექციის მიზნით ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა, დაკავებული სივრცე გაეთავისუფლებინათ. თუმცა ვერ შეთანხმდნენ, მოგვიანებით კი, პოლიცია გამოიძახეს. სტუდენტები ამბობენ, რომ ბოლოს ადმინისტრაციული დაკავების საშიშროების ფონზე ისინი იძულებულნი გახდნენ შენობა დაეტოვებინათ.

უნივერსიტეტმა სტუდენტებს მხოლოდ ის განუმარტა, რომ გადაწყვეტილება ეთიკის კომისიამ მიიღო. სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას შვიდიდან მხოლოდ ორმა წევრმა არ მოაწერა ხელი. სტუდენტებს უნივერსიტეტმა აცნობა ისიც, რომ ამ საკითხის გასაჩივრების უფლება ჰქონდათ რექტორთან.

სტუდენტები და მათი მხარდამჭერები 12 მარტს ეცდებიან პასუხი მიიღონ უნივერსიტეტისგან. ისინი ამბობენ, რომ 1937 წელსაც ასე ხდებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend