მთავარიევროპასერბეთისერბეთში დემონსტრანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელი დაბლოკეს

სერბეთში დემონსტრანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელი დაბლოკეს

სერბეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება. პროტესტის მონაწილეებმა, რომელთა უმეტესობა სტუდენტებისგან შედგება, ბელგრადში სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელი დაბლოკეს.

დემონსტრანტების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიან პროტესტს ხელისუფლების სასარგებლოდ, მიკერძოებულად და არაჯეროვნად აშუქებს.

ტელევიზიის შენობის შესასვლელი პიკეტირების კიდევ ერთი მიზეზი 10 მარტს, სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გადაცემაში ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის, სტუმრობა გახდა. ტელეეთერით მან პროტესტში მონაწილე სტუდენტებს „გარე ძალების მიერ მართული ბრბო“ უწოდა და გააფრთხილა, რომ 15 მარტს დაგეგმილ დემონსტრაციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმს მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად გამოიყვანს.

„კარგია, აქციის მონაწილეებმა დაინახეს, რომ მათი რაოდენობა იკლებს. ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ ნაკლები ადამიანი ჰყავთ ირგვლივ. ახლა მთელი ქვეყნიდან იკრიბებიან ერთ მუნიციპალიტეტში შესაკრებად. ამიტომაც ისინი ირჩევენ რადიკალიზაციის გზას და იძულებულნი არიან ეცადონ, ძალადობრივად იმოქმედონ. შევეცდებით, დემონსტრაციამდე დავაკავოთ ყველა ის პირი, რომლებიც ძალადობას გეგმავენ.

მთელი სერბეთიდან ველი 60-დან 80 000-მდე მოქალაქის ჩამოსვლას, მეტის არა. გარწმუნებთ, სტუდენტები სასწავლო წელს დაკარგავენ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. ისინი შეეცდებიან, გააკეთონ ყველაფერი, ბინძურად გამოიყენონ სტუდენტებიც. დიდი ბოროტება მოხდება, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი დასრულდება. ძალადობის ჩამდენ ყველა პირს ვაჩვენებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ბუნტის მომწყობ ყველა პირს დავაკავებთ. ნებისმიერი, ვინც შეეცდება მიიტანოს შტურმი პარლამენტის შენობაზე, პატარა ქვაც კი ისროლოს, პასუხისგებაში მიეცემა.

მოვუწოდებ ყველას, მოიქცნენ ცივილურად, ამ ქვეყნის კანონების შესაბამისად. სერბეთის პოლიცია და ყველა შესაბამისი უწყება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს „ფერადი რევოლუციის“ მცდელობას. ძალიან კარგად ვიცი, რომ 15 მარტს დემონსტრანტები სახელმწიფო სტრუქტურების ხელში ჩაგდებას გეგმავენ. ამიტომ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აქამდე მართავდნენ სახელმწიფოს და ფიქრობენ, სტუდენტების ექსპლუატაციით, გეგმისა და პროგრამის არარსებობით, კვლავ შეუძლიათ ძალაუფლების დაბრუნება, მივმართავ, არ ჩაიდინონ ძალადობრივი ქმედებები, რადგან შემდეგ ჩემი დადანაშაულება ძალადობის ჩადენაში ვერანაირად ვერ შეცვლის მოცემულობას“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTS-ის, ეთერში.

ფართომასშტაბიანი პროტესტის პარალელურად, სერბეთში დონალდ ტრამპის შვილი ჩავიდა და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ვიზიტისას განხილული იყო ბელგრადისა და ვაშინგტონის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის, ასევე მომდევნო წლებში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის  განმტკიცების საკითხები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend