რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა შეაჩერა საპრეზიდენტო კანდიდატის ულტრანაციონალისტი კალინ ჯორჯესკუს განაცხადი მომავალ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს მოქალაქეებმა. დედაქალაქ ბუქარესტში საპროტესტო აქციები გაიმართა.
ჯორჯესკუს მხარდამჭერები სამართალდამცველებს კომიტეტის შტაბ-ბინის წინ დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
კომიტეტმა გადახედა ჯორჯესკუს მიერ წარდგენილ საბუთებს, მაგრამ არ დაამტკიცა ის დოკუმენტი, რომელიც კამპანიის დაფინანსებას უკავშირდებოდა და აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საჭირო ხელმოწერა.
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს დემოკრატიის გულში დარტყმაა. მანამდე მან ევროპა დიქტატორადაც მოიხსენია.
მისმა ერთ-ერთმა მრჩეველმა ორშაბათს განაცხადა, რომ იგი საარჩევნო ორგანოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ჯორჯესკუს საჩივრის შესახებ გადაწყვეტილება ოთხშაბათამდე უნდა გამოიტანოს.
კომიტეტმა სამგვერდიანი დოკუმენტი შეადგინა და სცადა, დაეცვა თავისი გადაწყვეტილება. ჯორჯესკუ კი იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არ იცავს პრეზიდენტობისთვის საჭირო ღირებულებებს.
ჯორჯესკუ, რომელსაც “ტიკტოკის მესია” უწოდეს, დეკემბერში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერი გახდა.
დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრის შედეგები გააუქმა. მიზეზად რუსეთის მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლა დასახელდა.