დილის 7 საათია. ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს. გამოღვიძებას თბილისი რვა საათიდან იწყებს, სამუშაო დროის მოახლოებასთან ერთად. საქართველოში საჯარო სამსახურების დიდი ნაწილი ათ საათზე იწყება. ამავე დროს იწყებენ მუშაობას კერძო კომპანიების უმრავლესობაშიც, კაფეებსა თუ მაღაზიებში.
სამუშაო დღის ადრე დაწყების ინიციატივა გასულ წლებში არაერთ აქტივისტსა და ეკონომისტს ჰქონია. იდეა იდეად დარჩა. ამ მხრივ ძირეული ცვლილებები საქართველოში არ მომხდარა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სამუშაო დღის ადრე დაწყება პირდაპირ აისახება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2024 წლის მონაცემებით, ადამიანები მსოფლიოში საშუალოდ 6-დან 9 საათამდე იღვიძებენ. ამ კუთხით მოსახლეობის ქცევას საერთაშორისო ორგანიზაცია world population review იკვლევს. ამ კვლევის თანახმად, ყველაზე ადრე სამხრეთი აფრიკა იღვიძებს – 6 საათსა და 24 წუთზე. თითქმის იგივე დროს იღვიძებენ კოსტა-რიკასა და კოლუმბიაშიც. ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში გაღვიძებას 7 საათიდან იწყებენ.
2018 წელს კვლევებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიამ „ეისითიმ“ ჩაატარა კვლევა, თუ რომელ საათზე იღვიძებს თბილისის მოსახლეობა. კვლევამ აჩვენა, რომ 41% 6-დან 8 საათამდე, 39% 8-დან ათამდე, ხოლო 9% 10-დან 12 საათამდე იღვიძებს. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) 12:00 საათზე ან უფრო გვიან, 06:00 საათზე ან უფრო ადრე კი 6% იღვიძებს.