მთავარიევროპამოლდოვაემანუელ მაკრონი პარიზში მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

ემანუელ მაკრონი პარიზში მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გუშინ, 10 მარტს პარიზში, ელისეის სასახლეში, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა.

შეხვედრის დროს ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებისკენ სწრაფვისადმი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გასაოცარია ის, თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტი სანდუ გამოწვევებს, რომლებიც მოლდოვას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა მოუტანა.

„რამდენიმე ქვეყანა უფრო დიდ საფრთხეშია და განსაკუთრებით თქვენი. ამ კონტექსტში თქვენი გამბედაობა, ქალბატონო პრეზიდენტო, ყველას პატივისცემას იმსახურებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, თქვენმა ქვეყანამ აიღო უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ადამიანური და ეკონომიკური შედეგების სრული ტვირთი. მოლდოვა, რომლის საჰაერო სივრცეც რეგულარულად ირღვევა რუსული უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით, აგრეთვე უნდა გაუმკლავდეს რუსეთის მუდმივ მცდელობებს დესტაბილიზაციის, განსაკუთრებით მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტების“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

განცხადება გააკეთა მაია სანდუმაც. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ მოლდოვა ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანდება და ქვეყანა ამისთვის უკვე ემზადება.

„მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს მიიღო. საფრანგეთი ყველა ნაბიჯზე ჩვენ გვერდით დგას. ვაკეთებთ საქმეს, ვატარებთ ამბიციურ რეფორმებს, ვაძლიერებთ კანონის უზენაესობას, ვებრძვით კორუფციას. ჩვენ მოლდოვას უკეთესობისკენ ვცვლით, რადგან ევროკავშირში გაწევრება უბრალოდ დანიშნულება არაა, არამედ ესაა გზა ქვეყნის ძლიერებისკენ“, – ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა რუსულ გაზზე დამოკიდებული უკვე აღარაა და ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად საფრანგეთთან შეთანხმებას გააფორმებს.

„მოლდოვა აღარაა რუსულ გაზზე დამოკიდებული და დღეს ამისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

ფრანგული განვითარების სააგენტოსთან ერთად ვაფორმებთ 30 მილიონი ევროს შეთანხმებას მოლდოვაში ენერგოინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ეს ინვესტიცია ხარჯებს შეამცირებს და გააძლიერებს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას“, – ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

მაია სანდუ საფრანგეთის პრეზიდენტს ევროპარლამენტის კენჭისყრის წინ შეხვდა, რომელიც მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend