მთავარისაქართველობიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - მისი ბიზნესპარტნიორის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს – მისი ბიზნესპარტნიორის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

კერძო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეიცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო. ბიზნესმენი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახედ კვლავ გირაო დარჩა. მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში ჩხრეკენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს ირაკლი პაპიაშვილის საცხოვრებელ სახლში, ქსნის ქუჩაზე.

პროკურატურის მტკიცებით, შპს „ელთ ბილდინგისთვის” გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება, თუმცა, როგორც პროკურატურა აცხადებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შესრულდა და მეორე მხარეს არც იახტა მიაწოდეს და არც თანხის დიდი ნაწილი დაუბრუნეს.

გიორგი ჩიკვაიძის 50 000-ლარიანი გირაო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

7 მარტიდან გიორგი ჩიკვაიძე ყოველდღიურად სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც, ბიზნესმენის თქმით, მას ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები სისტემატურად უთვალთვალებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend