მთავარიმსოფლიოNATOაშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები ევროპის დასაცავად

აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები ევროპის დასაცავად

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაცია მოკავშირეთა ძალებთან ერთად წვრთნებში ჩაერთო. ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები ბი-52, რომლებიც ევროპის ბომბდამშენთა ტაქტიკური ჯგუფის ნაწილია, უკვე დიდი ბრიტანეთის „ფეირფორდის“ სამხედრო ბაზაზეა.

როგორც ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, სწავლების დროს ამერიკული ბომბდამშენები იმოქმედებენ იმ რეალური სცენარის მიხედვით, რომლის საჭიროებაც  შესაძლოა კრიზისის დროს დადგეს. წვრთნებით გათვალისწინებულია საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენა და სახმელეთო ძალებთან კოორდინირებული მოქმედება, რათა ზუსტი დარტყმებით პირობით მოწინააღმდეგეს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მისიას, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, ვივარჯიშოთ ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებთან ერთად. მანევრები მიმართულია ურთიერთთავსებადობაზე და უგზავნის მკაფიო შეტყობინებას, როგორც  ჩვენს მოწინააღმდეგეს, ისე მოკავშირეებს. მანევრებში ჩართულია აშშ-ის საჰაერო ძალების  4 სტრატეგიული ბომბდამშენი. მიზანი ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნების ავიაციასთან ინტეგრაციაა. განვახორციელეთ არაერთი სიმულირებული სამხედრო ოპერაცია, მათ შორის ახლო საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენისა და ფრთოსანი რაკეტებით იერიშები, რაც  ზრდის ჩვენი ძალების ეფექტიანობას“, – ამბობს აშშ-ის საჰაერო ძალების ბომბდამშენთა 69-ე საექსპედიციო დანაყოფის ოფიცერი ჯოზეფ ქენჯილოსი.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-მა მოკავშირეებს შეატყობინა, თითქოს 2025 წლიდან აშშ ნატოს სწავლების დაგეგმარების პროცესში აღარ ჩაერთვებოდა. ერთ-ერთი შვედური მედიაგამოცემის ცნობით, ეს იმ ფაქტორით იყო გამოწვეული, რომ აშშ-ს სამხედრო აქტივობები ძირითადად  მიმართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე.  ამ მოსაზრებას, გარკვეულწილად, ამყარებდა  ალიანსის უახლესი სამხედრო სწავლება STEADFAST DART 2025…

ამ წვრთნებს სამმა ქვეყანამ უმასპინძლა – ბულგარეთმა, საბერძნეთმა და რუმინეთმა. მანევრებში ჩართული იყო დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე ნატოს წევრი 9 სახელმწიფოდან. ეს სახელმწიფოებია: ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. აშშ არ მონაწილეობდა. წვრთნების დროს ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა შავი ზღვის რეგიონში შეამოწმეს, რამდენად შესაძლებელია ძალების სწრაფად გადაყვანა.

როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ეს იყო ნატოს მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების ძალების პირველი მანევრი.

აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა მარტინ ო’დონელმა განაცხადა, რომ აშშ ალიანსის 32-ივე წევრ ქვეყანასთან ერთად წვრთნებს აგრძელებს. ამ განცხადების პარალელურად თანამედროვე ამერიკული ბომბდამშენები ევროპის ცის დასაცავად გამოჩნდნენ. თანამედროვე ამერიკული ბომბდამშენების როტაცია ევროპაში 2018 წლიდან მიმდინარეობს. ისინი ოპერირებისთვის ალიანსის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს – ნორვეგიის, რუმინეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაბაზას იყენებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend