ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა “MEGOBARI ACT”-ი წარადგინეს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ჯიმ რიშის შეფასებით, საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შეძრწუნებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარიზმში ჩაშვებითა და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით.
„ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ქართველები იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და აშშ-ს მისცემს ინსტრუმენტებს, მათ დასახმარებლად, კერძოდ, პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღსადგენად”, – აღნიშნავს ჯინ რიში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა მათი მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
„მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინე ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ქართული ოცნების მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა ქართული ოცნების მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები“, – აღნიშნა ჯინ შაჰინმა.
