„ქართული ოცნება” აპირებს, რომ გაამკაცროს ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფსა და მარიხუანასთან, დაკავშირებულ ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჯერ კანონპროექტისა და ცვლილებების სიღრმისეული დეტალები არ არის ცნობილი.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების წინასწარი ინფორმაციით, რვა სხვადასხვა კანონი შეიცვლება. „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ნორმები, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორიც არის: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; გაყიდვა და მოხმარება.
განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. აგრეთვე, განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ამავე პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს 5 წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება.
ამ ცვლილების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.