პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაიცვა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა. ტუსკის თქმით, სიკორსკიმ ძალიან მშვიდად აუხსნა თავისი სათქმელი სხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს.
„ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან და არა ქედმაღლობას. ძვირფასო მეგობრებო, დაფიქრდით“, – დაწერა ტუსკმა პლატფორმა X-ზე.
სიკორსკი და მასკი პლატფორმა X-ზე ერთმანეთს კვირას დაუპირისპირდნენ.
რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს და თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, შესაძლოა, სხვა პროვაიდერის მოძებნა გახდეს საჭირო.
ილონ მასკი კი ამ ყველაფერს ასე გამოეხმაურა – „ჩუმად იყავი პატარა კაცო, შენ ღირებულების ისედაც მცირე ნაწილს იხდი და Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს“.
მოგვიანებით, ამ ამბავს ასევე მარკო რუბიოც გამოეხმაურა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უმადურობაში დაადანაშაულა.