ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შედეგადაც სავალდებულო კვოტირების მექანიზმი გაუქმდა. ამავე კონტექსტში სახალხო დამცველი ეხმაურება მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტსაც.
სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე, ეკონომიკური ბარიერებზე, კარიერული წინსვლის სირთულეებზე, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ქალთა სამართლებრივი დაცვის სერვისებზე ქვეყანაში.
„ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი აპარატი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.