„ბოლომდე!“ – საქართველოს ქალაქების ქუჩებში უწყვეტი პროევროპული დემონსტრაციების მე-100 დღესაც ისმის საპროტესტო შეძახილები.
უწყვეტი პროტესტის ასი დღისთავზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დედაქალაქის რამდენიმე ადგილიდან მსვლელობა გამართეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიკოსები და სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებმაც შეჩერებული ევროინტეგრაციის პირობებში განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.
„ავტორიტარიზმისკენ სვლა შეეხება სტუდენტებს, რომლებსაც ევროპული განათლების გზა დაეხშობათ. შეეხება კვლევას, რომლის ხარისხიც დაეცემა. შეეხება ყველას, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც ცოდნას ქმნის“, – განაცხადა თსუსთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეთა კიდევ ერთი ნაწილი შეიკრიბა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც 30 ნოემბრიდან ასევე უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი ორი მოთხოვნით – გადადგეს ტელევიზიის მმართველი გუნდი და საზოგადოებისთვის გაიხსნას დღისა და სპეციალური ეთერები. ყოველ პარასკევს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციებისას დაკავებულთა ოჯახების წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი 7 მარტსაც შეუერთდნენ კოსტავას ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე გამართულ მსვლელობას.
უწყვეტი პროტესტის მეასე დღესაც მოქალაქეები აქციების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობენ და მოითხოვენ პასუხისმგებელი პირების დასჯას. ასევე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების გზით, ჩაეხშო პროტესტი, ის არ შეწყვეტილა და არ შეწყდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მთავარი მოთხოვნები. პროტესტის მე-100 დღესაც ეს მოთხოვნები უცვლელი რჩება – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პატიმრობიდან აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლება.
