„უნგრეთი იზოლაციაშია“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ – მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა თავდაცვის ხარჯების ზრდასა და უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია შეათანხმეს. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ ერთს – უნგრეთს აქვს.
„ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის პოზიციას, მაგრამ ის 27-დან ერთია, 26 კი ერთზე მეტია“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
„ერთი თვის წინ ჩვენ მხოლოდ ვმსჯელობდით, ახლა კი გვაქვს კონკრეტული წინადადება ევროკომისიისგან და ერთსულოვნად შევთანხმდით თავდაცვის საკითხზე. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას და 27-დან 26 სახელმწიფოს საერთო პოზიცია გვაქვს. როგორც იცით, უნგრეთს განსხვავებული სტრატეგიული მიდგომა აქვს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ უნგრეთი იზოლირებულია ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის პოზიციას, მაგრამ ის 27-დან ერთია, 26 კი ერთზე მეტია“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ „თუ ვინმეა იზოლირებული, ეს თავად ევროკავშირია“ და ევროკავშირისგან განსხვავებით უნგრეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთსა და რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„ახლა ევროკავშირი იზოლირებულია ამერიკის შეერთებული შტატებისგან, იზოლირებულია ჩინეთისგან სავაჭრო ომის გამო და იზოლირებულია რუსეთისგან სანქციების პოლიტიკის გამო. ამგვარად, თუ ვინმეა იზოლირებული, ეს ევროკავშირია. უნგრეთს სამივე მიმართულებით კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ იზოლირებულები საერთოდ არ ვართ“, – თქვა ვიქტორ ორბანმა.
ტრამპის ერთგულმა მხარდამჭერმა და ევროპაში პუტინის უახლოეს მოკავშირედ მიჩნეულმა ორბანმა თქვა ისიც, რომ ევროპას არ შეუძლია, მეტი დახარჯოს თავდაცვისთვის და ამავდროულად ომში მყოფ უკრაინას ფინანსურად დაეხმაროს.
„პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა ამ მხრივ სრულიად სწორია. ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ. უპირველესად მეტი უნდა დავხარჯოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო და თავდაცვის შესაძლებლობები. ამავდროულად, ვიღაცამ უნდა დააფინანსოს უკრაინის ჯარი, რაც უზარმაზარ თანხებს უკავშირდება და მომავალში ამერიკელები ამის ნაწილი აღარ იქნებიან. გარდა ამისა, როგორღაც უნდა დავაფინანსოთ უკრაინის სახელმწიფო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩამოიშლება. ვფიქრობ, ეს სამი რამ უბრალოდ ძალიან ბევრია და ევროპას ამის საშუალება არ გააჩნია. უნგრეთს ამის საშუალება ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები თავდაცვაზე მეტი თანხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს. დასკვნას მხარს მხოლოდ უნგრეთი არ უჭერს.