გერმანულმა სასამართლომ დააპატიმრა ხუთი ადამიანი, რომლებიც გადატრიალებასა და ქვეყნის მთავრობის დამხობას გეგმავდნენ.
ბრალდებულებს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის გატაცებაც ჰქონდათ განზრახული.
სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ტერორისტული ორგანიზაციის “Vereinte Patrioten” („გაერთიანებული პატრიოტები“) ჩამოყალიბებასა და წევრობაში, ასევე გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ ღალატის მომზადებაში, რაც ბომბებით თავდასხმასა და ქვეყნის ენერგოსისტემაზე იერიშს გულისხმობდა.
კობლენცის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ დაჯგუფების ლიდერებს – ოთხ მამაკაცს, რომელთა ასაკი 46-იდან 58 წლამდე მერყეობს –5-დან 8 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
მეხუთე ბრალდებულს – 77 წლის ქალს – ორი წლით და ათი თვით პატიმრობა მიესაჯა.
ბრალდებულების სახელები კონფიდენციალურობის გამო არ გახმაურდა.
ეს განაჩენი 2023 წლის მაისში დაწყებული სასამართლო პროცესის დასასრულია.
ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბრალდებულები დაკავშირებული იყვნენ Reichsbürger-ის მოძრაობასთან, რომელიც არ ეთანხმება გერმანიის ომისშემდგომი კონსტიტუციის ლეგიტიმურობას.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა რეალურად დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს, პროკურორები ამბობენ, რომ დაჯგუფების მიერ იარაღისა და ფულის შეძენა უკვე იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი “საშიში დამნაშავეები იყვნენ“.
ცალკეულ საქმეზე, 2022 წლის დეკემბერში, გერმანიის მთავრობის დამხობის დაგეგმვის ბრალდებით 25 ადამიანი დააპატიმრეს. შეთქმულებს შორის იყო ულტრამემარჯვენე AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) პარტიის წევრიც.
ბერლინის სამართალდამცავი უწყება წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების საფრთხე მზარდია. მან რამდენჯერმე გაატარა კიდეც მკაცრი ზომები მსგავსი ჯგუფების წინააღმდეგ.