კატეგორიები

„ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ, მიიღონ არსებული რეალობა“ – ბადრა გუნბა

„ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ, მიიღონ არსებული რეალობა“ – ბადრა გუნბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პრეზიდენტად“ გამოცხადებულმა ბადრა გუნბამ რუსულ პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობისა“ და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა და თქვა, რომ დროა, „მეზობელმა საქართველომ აღიაროს არსებული რეალობა“.

ბადრა გუნბას განცხადებით, მნიშვნელოვანია, სოხუმმა მოსკოვთან კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები ყველა მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებაზეც, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში აფხაზეთში პროტესტი და ე.წ. „ვადამდელი არჩევნები“ გამოიწვია. ბადრა გუნბას თქმით, შეთანხმება შედგება, თუმცა „არა არსებული ფორმით“.

„ჩვენ აღიარებულები ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ, რისთვისაც გულწრფელ მადლიერებას ვუხდით ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს და, რა თქმა უნდა, რუს ხალხს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყოველთვის გვქონდა თბილი ურთიერთობა რუსულ სახელმწიფოსა და რუს ხალხთან. ჩვენ გვაკავშირებს მტკიცე ისტორიული და კულტურული მეგობრობა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ამ სახის ურთიერთობა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღიარების სამომავლო საკითხიც შეიძლება იყოს გადაწყვეტილი რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, რადგან სწორედ რუსეთი გვიჭერს მხარს აფხაზეთის აღიარების საკითხში.

რაც შეეხება საქართველოს. რა თქმა უნდა, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხები შეიძლება იყოს განხილული მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებით, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო ნამდვილად მზადაა ასეთი ნაბიჯების გადასადგამად. ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ, გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა ბადრა გუნბამ.

5 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პრეზიდენტი“ კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების „ჰუმანიტარული ნაკადის“ გაგრძელება და ე.წ. „რესპუბლიკის“ მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები