თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდადებულთა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ 11-ივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე კვლავ პატიმრობა უნდა იყოს.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდადებულთა საქმე 4 მარტის საღამოს გადაიბარა. მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ 13-ტომიანი საქმის მასალების გაცნობა მოასწრო და ამაში „დიდი ძალისხმევა ჩადო”.
5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა 13 საათიდან დაიწყო – პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა. მან პროცესზე თქვა, რომ მოსამართლე, რომელმაც საქმე გუშინ საღამოს გადაიბარა, მოცულობითი მასალების განხილვას პროცესამდე უბრალოდ ვერ მოასწრებდა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კიდევ ერთმა ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა პროკურორ ვაჟა თოდუას აცილება მოითხოვა. მან აცილების საფუძვლად ესტონეთის მიერ ვაჟა თოდუასთვის დაწესებული სანქცია დაასახელა. სასამართლოს არც ეს შუამდგომლობა მიიჩნია სარწმუნოდ.
მრავალსაათიანი სხდომის განმავლობაში სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდა. სასამართლო განიხილავდა სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების საკითხსაც. პროკურატურა კვლავ ბრალდადებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის აუცილებლობა ბრალდადებულების მიერ მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით ახსნა.
პროცესზე ბრალდადებულებმა სიტყვით უფლებით ისარგებლეს. მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ თქვა, რომ იმ პირებთან ერთად ედავებიან ჯგუფურ დანაშაულს, რომლებსაც პატიმრობამდე არც კი იცნობდა.
სხდომაზე ისაუბრა ბრალდადებულმა რევაზ კიკნაძემაც. მან პროცესზე თქვა რომ მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, და უკვე 6 დღეა შიმშილობს.
დღის ბოლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარბაზში მხარდაჭერა გამოხატეს ერთ-ერთი ბრალდადებულის, ჯანო არჩაიას მიმართ, რომელიც მანამდე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.
არცერთი ბრალდადებული, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. საქმეზე პროკურატურას დასაკითხ პირთა სიაში 97 ადამიანი ჰყავს შეყვანილი.
