შიმშილობის 48-ე დღეს თემურ ქათამაძე, „ბათუმელი მედროშე”, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის უკვე 56 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
საიას ინფორმაციით, თემურ ქათამაძე ამბობს, რომ მას დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე. „ბათუმელი მედროშე” ამ დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, „რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე”.
საიას ინფორმაციით, თემურ ქათამაძეს ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ამ დროს მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე.
მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია”, – წერია საიას განცხადებაში.