მთავარიევროპაბელარუსიალექსანდრ ლუკაშენკა აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მინსკში ეპატიჟება

ალექსანდრ ლუკაშენკა აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მინსკში ეპატიჟება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის მინსკში მოლაპარაკებისთვის ეპატიჟება.

ამერიკელ ბლოგერ, მარიო ნაუფალთან ინტერვიუში ბელარუსის ლიდერმა „არაჩვეულებრივი იდეა” უწოდა ტრამპის მოწოდებებს მშვიდობის დამყარების თაობაზე.

„იშვიათი წიაღისეულის დიდი ნაწილი სწორედ იმ ტერიტორიებზეა, რომლებიც ოდესღაც უკრაინის იყო, დღეს კი რუსეთთანაა მიერთებული. მეტწილად ეს წიაღისეულიც რუსეთის ხელშია. ამიტომ საჭიროა მოლაპარაკება და თანამშრომლობა. როგორიც არ უნდა იყოს ზელენსკი, მასზე ზეწოლა ახლა საჭირო არაა. პირიქით, უნდა დავრწმუნდეთ და მასთანაც შევთანხმდეთ, რადგან ზელენსკის მიღმა უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილია. ამიტომაც საჭიროა შეთანხმება. გნებავთ – ჩამოდით. აი, აქვე – 200 კილომეტრია ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე. ნახევარი საათია საჭირო თვითმფრინავით. ჩამოდით. აქვე დავსხდეთ. წყნარად, მშვიდად, ხმაურისა და ყვირილის გარეშე შევთანხმდებით. გადაეცით ტრამპს: მე ველოდები მას აქ პუტინთან და ზელენსკისთან ერთად. დავსხდებით და მშვიდად მოვილაპარაკებთ, თუ რა თქმა უნდა, გსურთ შეთანხმება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. ამერიკელ ბლოგერ, მარიო ნაუფალთან საუბრისას, ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებდა.

„ჯო ბაიდენი არ არის დონალდ ტრამპი. ტრამპი უფრო დამოუკიდებელია. რომც არ იყოს სწორი, ის მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას. ბაიდენს თავად არ მიუღია გადაწყვეტილებები. მას ეუბნებოდნენ – არ დარეკო, ისიც არ რეკავდა. უთხრეს – დაუძახე პუტინს დიქტატორი – დაუძახა. თქვი, რომ პუტინი მკვლელია – მან ესეც თქვა. სახელმწიფო დეპარტამენტში იყვნენ კონკრეტული პირები, რომლებიც უყურებდნენ ენტონი ბლინკენს და იძახდნენ იმას, რასაც ბლინკენი იძახდა. იქმნებოდა უზარმაზარი არმია, რომელიც ჯო ბაიდენს კონკრეტული ქმედებებისკენ უბიძგებდა. შეიძლება, ამერიკაში არის რაღაც იატაკქვეშა დაჯგუფება ან ორგანიზაცია, რომელიც პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდა. ვფიქრობ, ეს არის დამუშავებული ჯგუფები, მათ შორის სამხედრო კუთხით დამუშავებული ჯგუფები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ საკუთარი ინტერესი, ამიტომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ ბაიდენზე. ის კი, ასაკისა და ხასიათიდან გამომდინარე, ვერ უწევდა იმ წინააღმდეგობას, რა წინააღმდეგობასაც უწევს ტრამპი“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს მძიმე სანქციები აქვთ დაწესებული ბელარუსისთვის, რომელიც რუსეთის მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას, მოსკოვმა სამხედრო თავდასხმისთვის ბელარუსის ტერიტორიაც გამოიყენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend