კატეგორიები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა

1-ელ მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა ორმა „კანდიდატმა“ მიიღო – ადგურ არძინბამ და ბადრა გუნბამ.

აფხაზეთის ე.წ. „საარჩევნო კომისიის“ თანახმად, ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის უბნებზე ხმის მისაცემად 90 000-მდე ადგილობრივი მივიდა. „კენჭისყრის პროცესში“ მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო რუსეთში, მოსკოვსა და ჩერკასში.

პირველი ტურის შემდეგ მოსკოვმა სოხუმთან პოლიტიკური ურთიერთობები მეტად გააღრმავა. ე.წ. „წინასაარჩევნო კამპანიისას“, კრემლი აქტიურად უჭერდა მხარს ბადრა გუნბას კანდიდატურას, რაც „აფხაზი ოპოზიციონერების“ შეფასებით, მისი და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ორმხრივი შეხვედრებითა და როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური მხარდაჭერის დაპირებით გამოიხატებოდა. აფხაზი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ბადრა გუნბა დაიკავებს ე.წ. „პრეზიდენტის“ თანამდებობას, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ იყო. ბადრა გუნბა აქტიურად იყო ჩართული სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროცესში, სადაც 7 თებერვალს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 1993 წლის შემდეგ პირველი საცდელი ფრენა შედგა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. „არჩევნების“ მეორე ტური დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს უკრაინის დიპლომატიური უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული „არჩევნების“ მეორე ტურს საქართველოს საგარეო უწყება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები