უწყვეტი პროტესტის 94-ე დღეს, 1-ელ მარტს, საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კვლავ დაიკავეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან მისულმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ქუჩის პროტესტის გაგრძელების მნიშვნელობაზე. მათი შეფასებით, პოლიტიკური პროცესების პარალელურად, აუცილებელია, თავისუფლების, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის ხმა ქუჩებშიც ისმოდეს. აქციის მონაწილეები საუბრობენ იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამჟამინდელ მოცემულობაში საქართველო დარჩეს გეოპოლიტიკურ რადარზე.
„რაც უფრო რთულია გარემო და კონტექსტი, რაც გლობალურ პოლიტიკაში ხდება, რაც რეგიონულ პოლიტიკაში ხდება, რაც ევროპაში ხდება, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ძლიერი და ჩვენი სახელმწიფო იყოს ძლიერი“, – თქვა რეჟისორმა პაატა ციკოლიამ.
დემონსტრაციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, საიდანაც დაღწევის ერთადერთი გზა, როგორც ისინი განმარტავენ, ახალი არჩევნებია. ისინი ასევე ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ ბოლო დროს როგორც უკვე დამტკიცებულ, ისე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და მათ რეპრესიულს უწოდებენ. მოქალაქეთა თქმით, აქციის მონაწილეთა მასობრივად დაჯარიმება 5 000 ლარის ოდენობით მიზნად ისახავს როგორც სახალხო პროტესტის ჩახშობას, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც, მათი შეფასებით, დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
სამ თვეზე მეტია, მოქალაქეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრობიდან იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებიც პროევროპული დემონსტრაციებისა და 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ფარგლებში დააკავეს. ამავე მოთხოვნებით 94-ე დღეა, პროტესტი გრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებშიც. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიურ აქციას ყოველ საღამოს მსვლელობით უერთდებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებიც. პროევროპული დემონსტრაციების ორი ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ისინი ასევე მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადადგომასა და როგორც დღის, ისე საღამოს სპეციალური ეთერის გახსნას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.
