დასავლეთ საქართველოში კვლავ ებრძვიან სტიქიას. რეგიონების ნაწილში თოვა შეწყდა, თუმცა ყინვის გაძლიერების გამო ჯერ კიდევ დიდია იმ მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების რაოდენობა, სადაც თოვლის მაღალი საფარისა და მოყინული გზების გამო გადაადგილება კვლავ გართულებულია, ზოგიერთი მიმართულებით კი – შეუძლებელი. გურიისა და აჭრის გარდა რთული ვითარებაა იმერეთში.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, 150 ერთეული ტექნიკით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება და ამჟამად მიმოსვლა დამატებით 45 სოფელთან აღდგა.
დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მოხალისეებიც, თუმცა ადგილობრივთა თქმით, კონკრეტულ დასახლებებში ისინი ჯერჯერობით მისვლას ვერ ახერხებენ.
მოსახლეობის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში გზის გაწმენდითი სამუშაოები მხოლოდ დღეს, 28 თებერვალს, სტიქიის დაწყებიდან მერვე დღეს, დაიწყო. 9 000-ზე მეტ აბონენტს კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე იმერეთის რამდენიმე სოფელში შეწყვეტილია გაზმომარაგება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას სოფელ ნებოძირში მცხოვრები მარიამ იმერლიშვილი ესაუბრა.
„გასული კვირის ხუთშაბათს დაიწყო თოვლი და მხოლოდ დღეს [მერვე დღეს] გაიწმინდა სოფლის შიდა გზა. ხშირად ისმის – მთავრობა ხომ არ გადაუწმენდს სახლის სახურავებსა და ეზოებს მოსახლეობას? არა, მთავრობისგან ამას არავინ ითხოვს. მოსახლეობას სურს, სოფლამდე მოსასვლელი გზა ჰქონდეს გაწმენდილი, რათა სამედიცინო დახმარების აუცილებლობისას შეძლოს ცენტრამდე მისვლა“, – ამბობს სოფელ ნებოძირის მკვიდრი მარიამ იმერლიშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ნალექი დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი არაა, თუმცა გაძლიერდება ყინვა.
