კატეგორიები

სტიქია საქართველოში – ასობით მოქალაქე კვლავ შველას ითხოვს

სტიქია საქართველოში – ასობით მოქალაქე კვლავ შველას ითხოვს
დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე ებრძვიან დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიასა და იმერეთში – რეგიონებში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სოციალურ ქსელში ასობით მოქალაქე წერს, რომ მათ სოფლებში არავინ მისულა დასახმარებლად, გზები არ არის გაწმენდილი, არ აქვთ დენი, გაზი და საკვები პროდუქტები. პრობლემას იწვევს სახურავებზე არსებული დიდი თოვლის მასაც – მოქალაქეები შიშობენ, რომ მათ სახლებს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

როგორც ადგილზე მყოფი მოხალისეები ჰყვებიან, პრობლემები იმდენად მასშტაბურია, რომ არ ჰყოფნის არც სახელმწიფოს რესურსი და არც მოხალისეთა რაოდენობა.

თამუნა ფეტაშვილი

ხარაგაულის სოფელ ღუდუმექეთში სჭირდებათ დახმარება. თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლებენ, ისედაც მეწყრისგან დაზიანებული და ძველი ხის სახლები. მოხუცები არიან მარტო და სახლებს ვერ წმენდენ თოვლისგან.

მედეა კარგიევა

სოფელ წიაღობანში მისასვლელ გზას საშინელიც აღარ ეთქმის, უბრალოდ აღარ არსებობს. არც წყალია, არც დენი, არც გაზი. ზაფხულში წვიმების დროს მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო და ახლა წარმოდგენაც არ მინდა იქ რა ხდება.

მარი მჟავანაძე

ოზურგეთის რაიონი, სოფელი  ჯუმათი. არის კრიტიკული სიტუაცია, ამ დრომდე არ მისულა არავინ დასახმარებლად. არ აქვთ შუქი, გაზი, წყალი. უკვე რამდენიმე დღეა არ გვაქვს კონტაქტი. ბებო არის მარტო, რომელსაც ჩამოენგრა სახლის ნაწილი, არ ვიცით თვითონ როგორ არის.

ირმა კომახიძე

ზედა ორმეთში ხალხს ესაჭიროება დახმარება მედიკამენტების, წყლის, ზოგიერთ შემთხვევაში პურის და საკვების პრობლემაც არის. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ხალხს ჩაენგრა სახურავები და მეზობლებს აფარებენ თავს, მაგრამ სადაც არიან ისიც საშიშ მდგომარეობაშია.

ეს მცირე ნაწილია იმ პოსტებისა, რომლებსაც მოსახლეობა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე შექმნილ ჯგუფში აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს. ასობით მოქალაქე წერს, რომ დენის, გაზის, წყლისა და საკვები პროდუქტების გარეშეა დარჩენილი.

ბევრია ისეთი, ვისაც უსაფრთხო ადგილას გადაყვანა სჭირდება. დაზარალებულები და მათი ახლობლები წერენ, რომ დიდთოვლობის გამო შეიძლება სახლები ჩამოენგრეთ.

როგორც ადგილზე მყოფი მოხალისეები ავრცელებენ ინფორმაციას, განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიისა და იმერეთის სოფლებში. მოსახლეობის დახმარებას მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი ცდილობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია. მისივე თქმით სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში.

რაც შეეხება იმერეთს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შედარებით რთული ვითარება ხუთ მუნიციპალიტეტშია, სადაც რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია და კომუნიკაცია ვერ ხერხდება.

დიდთოვლობის გამო რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზეა მოძრაობა შეზღუდული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს , ასევე 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები