საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვს განმარტებას, რატომ რჩება მზია ამაღლობელი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში.
ადვოკატების განმარტებით ის კლინიკიდან უკვე გაწერეს, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დრომდე არ გადაჰყავთ.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ჟურნალისტის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გადაიყვანონ პენიტენციურ დაწესებულებაში, ის კვლავ კლინიკაში რჩება.
„ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა“, – წერია საიას განცხადებაში.
ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის იურისტების განცხადებით, 4 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. 38-დღიანი შიმშილობა მან 18 თებერვალს, ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მხარდამჭერების თხოვნის შემდეგ შეწყვიტა.
