კატეგორიები

მოხალისეები თოვლიან სოფლებში

მოხალისეები თოვლიან სოფლებში
თითქმის ერთკვირიანმა დიდთოვლობამ საქართველოში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთულია ვითარება დასავლეთ საქართველოში, სადაც სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, დიდთოვლობის გამო გზებზე გადაადგილება ჭირს, ზოგჯერ კი შეუძლებელიცაა.

ოჯახები ჩივიან საკვების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უქონლობას. ზოგს კი, ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.

დიდთოვლობის დაწყებიდან პირველივე დღეებში სოციალურ ქსელში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, სახელწოდებით „მოხალისეები გურიისთვის“. ამ ჯგუფმა, მოქალაქეები გააერთიანა და ისინი ერთიანი ძალებით ცდილობენ, მოსახლეობის ადგილზე დახმარებას.

„ჩამოვედით მეგობრები. მესამე დღეა აქ ვართ. სხვა ჯგუფებიც არიან ჩვენთან ერთად და ისინიც მუშაობენ. ამ დილას ექვს საათზე დავბრუნდით ბინაში, რადგან მთელი ღამე ვმუშაობდით. ყველაზე რთული, რაც მთელი ამ დღეების მანძილზე გვესმოდა იყო ქვემო მამათი. 2 დღის განმავლობაში ვცდილობდით, სპეციალური ტექნიკით, გადავსულიყავით იქ. როგორც ვიცი, იქ ბევრი ხალხია და რამდენადაც ვიცით არანაირი კონტაქტი არ არის, არც ვიცით რა მდგომარეობაა ახლა იქ”, – ამბობს მოხალისე ლადო მენთეშაშვილი.

სტიქიის ზონიდან თბილისში გუშინ დაბრუნდა ანა ნაცარაშვილი, რომელმაც მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა გურიაში მოსახლეობას დახმარებოდა. ანა ამბობს, რომ მიუვალ ადგილებში გადაადგილების გამოცდილება ჰქონდათ და სამი მანქანით 30 ოჯახზე გათვლილი პროდუქტები წაიღეს, თუმცა წუხს, რომ ყველასთან მისვლა მაინც ვერ მოახერხეს.

„რაც ძალიან უჭირდათ იყო პური და სანთელი და ესენიც დარიგდა ადგილზე. მათთვის ვიყავით იმედი – ეს განცდა დამრჩა იმიტომ, რომ ოთხი დღე მოწყვეტილი ხარ და შუქი არ გაქვს, კომუნიკაცია არ გაქვს სამყაროსთან. ასევე ძალიან სჭირდებოდათ მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებელი სიცხის დამწევები”, – ამბობს მოხალისე ანა ნაცარაშვილი.

გარდა გურიისა, დიდთოვლობამ პრობლემები იმერეთშიც შექმნა. იმერეთის დასახმარებლადაც გამოჩნდა ხალხი და მათაც შექმნეს საგანგებო ჯგუფი ფეისბუკზე.

ამ ჯგუფში იმერეთის სოფლებში მცხოვრებნი თავიანთ პრობლემებზე  წერენ, მოხალისეები კი მათ დახმარებას ცდილობენ.

ერთ-ერთი მათგანი გივი არიშვილია, რომელიც სხვა მოხალისეებთან ერთად ქუთაისიდან დაიძრა გაჭირვებაში ჩავარდნილი სოფლებისაკენ.

„ხალხი არის გამოკეტილი და ძალიან დიდი თოვლია. ჩვენ ვიყავით ბაღდათის ერთ-ერთ ქუჩაზე გარე უბანში, სადაც იყო ბოლო მოსახლე. გზა საერთოდ არ იყო გაკვალული თოვლი დაახლოებით 2 მეტრიანი იყო ან შეიძლება მეტიც. იყო ძალიან რთული და რაც აუცილებელი საჭიროებები ჰქონდათ საკვები, წამლები, ავუტანეთ. ვცდილობთ, რომ სხვა ადგილებიც ვნახოთ”,- ამბობს მოხალისე გივი არიშვილი.

გივი არიშვილი ამბობს, მოხალისეები ერთმანეთს უკავშირდებიან, იკრიბებიან და იმ სოფლებისკენ მიემართებიან, სადაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები