ჩრდილოეთ კორეამ ამ კვირაში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პირველად გახსნა საზღვრები დასავლელი ტურისტების მცირე ჯგუფისთვის.
მოგზაურები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საბერძნეთიდან, ახალი ზელანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან და იტალიიდან, დასავლელი ვიზიტორების პირველი ჯგუფია მას შემდეგ, რაც კოვიდ-19 პანდემიის დროს ქვეყანამ საზღვრები დახურა.
თუმცა, როგორც ცნობილია, გასულ წელს ჩრდილოეთ კორეაში სათხილამურო მოგზაურობისთვის რუსი ტურისტების ჯგუფი ჩავიდა.
პეკინში დაფუძნებულ ტურისტულ კომპანია „კორიო ტურში” განაცხადეს, რომ 13 საერთაშორისო ვიზიტორისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ქალაქ რასონში ხუთდღიანი ტური მოეწყო.
ტურისტული კომპანიის მენეჯერი საიმონ კოკერელი აცხადებს, რომ ვიზიტორები ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში სახმელეთო გზით შევიდნენ. ქვეყანაში ყოფნისას მათ მოინახულეს ქარხნები, მაღაზიები, სკოლები და ქვეყნის ორი უმაღლესი ლიდერის, კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ინის ქანდაკებები.
საიმონ კოკერელი დასძენს, რომ უფრო მეტი ტურის მოწყობა იგეგმება.
ჩრდილოეთ კორეა, როგორც წესი, უცხოელ მოგზაურებს შეზღუდვებს უწესებს, უკრძალავს ვიდეო და ფოტოგადაღებას გარკვეულ ადგილებში და აიძულებს მათ, რომ თან ახლდნენ ადგილობრივი გიდები.
ქვეყანამ საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები პირველად 2020 წლის იანვარში დახურა, როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო.
პანდემიის დაწყებამდე ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყარო იყო ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყანაა.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ინსტიტუტი, რომელიც სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, აცხადებს, რომ 2020 წლამდე ჩრდილოეთ კორეის ტურისტების 90%-ზე მეტი მეზობელი ჩინეთიდან იყო.
თუმცა როდესაც ჩრდილოეთ კორეამ კოვიდ-19-ის ვირუსის შესაკავებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ქვეყნიდან სწრაფად გაიყვანეს დიპლომატები და სასაზღვრო მიმოსვლა თითქმის სრულად შეიზღუდა. 2022 წლიდან კი ნელ-ნელა დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება და საზღვრების ხელახლა გახსნა.