განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, მიერ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის გაყინვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ელჩის ეს განცხადება არცერთ მიმდინარე პროექტს არ ეხება და გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ სამომავლო თანამშრომლობის პროექტზე, რომელთან დაკავშირებითაც, „მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობდა“.
„მსურს აღვნიშნო, რომ პეტერ ფიშერის განცხადება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე.
აღნიშნული განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო.
რეალურად გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს, რომელიც 20 თებერვლით თარიღდება. საგულისხმოა წერილის თარიღიც.
ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც კი არის, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა.
აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა.
კიდევ ერთხელ მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
26 თებერვალს პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. ელჩის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების შესახებ. დიპლომატი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვა არ შეეხება საქართველოსთვის გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთი მილიონი ევროს მოცულობის მიმდინარე დაფინანსებას; ასევე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს DAAD-ს, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას. ელჩი აღნიშნავს, რომ გერმანია სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს.
