მსახიობი ბაჩო ქაჯაია ერთ-ერთია საპროტესტო დემონსტრაციების იმ მონაწილეებს შორის, ვისაც სასამართლომ გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„პროცესმა ჩაიარა ისე, როგორც ავტოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყანაში ჩაივლიდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე მაინც მქონდა იმ ადამიანის იმედი, რომელსაც ჰქონდა საშუალება, რომ დარჩენილიყო ჩვენს თვალში მაინც ადამიანად, ვგულისხმობ იმას, რომ მოსამართლეს რა ფუნქციაც აქვს, სამართლიანობის აღდგენის, ეს ჰქონოდა და შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ ჩემს თვალწინ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი მოკვდა. ეს ძალიან რთული საყურებელი იყო ჩემთვის“, – ამბობს მსახიობი, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებში სისტემატურად მონაწილეობს.
„უმეტეს შემთხვევაში სასამართლო არ ღალატობს სახელმწიფოს რეპრესიულ მექანიზმს, ერთ-ერთი ნაწილია ამ მექანიზმის, რაც იმას გულისხმობს რომ ასე, ავტომატურ რეჟიმში 5000 ლარიან ჯარიმებს აკისრებს საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად საქმეში არაფერი არ დევს. მხოლოდ უკანონოდ, პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის დარღვევით დამუშავებული კამერების ჩანაწერები.
ეს ჯარიმები არაკონსტიტუციურია, თავიდანვე, როდესაც ის გამოიწერა და ჩვენი როლი ამ სამართლებრივ მოცემულობაში არის ის რომ ყველა ინსტანციაში გავასაჩივროთ მაქსიმალურად, გავურთულოთ სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს“ ამბობს თეო ზაქარაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარი იურისტი
სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებმა აქციის ასეულობით იმ მონაწილეს უკვე გაუწიეს დახმარება, ვისაც სხვადასხვა ხასიათის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. თუმცა ზარები ცხელ ხაზზე არ წყდება. სიახლე ისაა, რომ შემოსული შეტყობინებების დიდი ნაწილი დღეს გზის გადაკეტვის გამო შსს-სგან მიღებულ შეტყობინებებს უკავშირდება.
თუკი შსს მოქალაქეების დასაჯარიმებლად აქამდე სასამართლოს მიმართავდა, ცვლილებების მიხედვით შსს-ს შეუძლია ჯარიმა პირდაპირ სამართალდამრღვევს ჩააბაროს. მსგავსი საქმეები სასამართლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუკი მოქალაქეები მათ გაასაჩივრებენ.
„შსს-ს მიერ განსჯადი საქმეები არის საქმეები, რომლებიც მანამდე იყო სასამართლოს განსჯადი, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები და მათ შორის არის ძირითადად გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევები. ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე დაჯარიმებული, მათ ნაწილს უკვე მიუვიდა ჯარიმა და ნაწილს უკავშირდებიან იმ მიზნით, რომ ჩაიბარონ მათ საჯარიმო ქვითარი ან შსს-ს წარმომადგენლებმა თავად ჩააბარონ ეს საჯარიმო ქვითარი.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ცხელ ხაზზე შემოდის ათობით ზარი დღის განმავლობაში, ნაწილს უკვე ჩაბარებული აქვს და ვეხმარებით მათ გასაჩივრებაში, ნაწილი ელოდება ოქმებს. ცხადია, ყველას ვისაც სჭირდება დახმარება ამ ოქმების გასაჩივრებაში სამართლებრივი ქსელის ადვოკატები დაეხმარებიან.
რამდენიმე დღის წინ დავთვალეთ ზარების რაოდენობა და ფაქტობრივად ორას ზარამდე იყო ერთი დღის განმავლობაში შემოსული“, – ამბობს ვერიკო ჯგერენაია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი იმ პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, ვის მიმართაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება სხვადასხვა საფუძვლით დაიწყო. თებერვლის მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ასეთი შეტყობინებების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
