თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
როგორც თედო აბრამოვის ადვოკატმა, ინგა ჯაბანიშვილმა აღნიშნა, მათ მიღეს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ დაუდგინდა.
თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საპროტესტო აქციაზე მიმავალი საკუთარ სახლთან დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება “MDMA” ამოიღეს.
თედო აბრამოვი ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და რომ ნივთიერება მას დაკავებისას სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
თედო აბრამოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას ან ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
