26 თებერვალს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მზია ამაღლობელს სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მას კვების აღდგენითი კურსი დადგენილი წესების შესაბამისად უტარდებოდა. ვაპირებდით ამ კურსის გაგრძელებას, მაგრამ პაციენტი ითხოვს პენიტენციურში დაბრუნდეს. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციას. პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში გაგრძელდება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელმა ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს მიიღო და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მათაც, ვინც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის სოლიდარობის ნიშნად თავადაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
