კატეგორიები

საჯარო რეესტრმა საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირებს რეგისტრაციაზე უარი მეექვსედ უთხრა

საჯარო რეესტრმა საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირებს რეგისტრაციაზე უარი მეექვსედ უთხრა

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მათ უკვე მეექვსედ უთხრა უარი რეგისტრაციაზე.

პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლის გადაწყვეტილებაში რეგისტრაციის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია სახელწოდება, რომელმაც საჯარო რეესტრის განმარტებით, „შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირები“.

ყოფილ და მოქმედ საჯარო მოსამსახურეთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უსამართლო და პოლიტიკურია, ხოლო სახელმწიფო ხელოვნურად ქმნის დაბრკოლებებს პროფესიული კავშირის რეგისტრაციის პროცესში. მათივე თქმით, ამის მიზანია, საჯარო მოსამსახურეებს არ ჰქონდეთ ძლიერი, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც დაიცავს მათ შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებს. პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჯარო რეესტრის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს, რომლებიც პროფკავშირების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა. მასში გაერთიანებულნი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებიდან გათავისუფლებას საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ღიად გამოხატვას უკავშირებენ, ასევე ის მოქმედი საჯარო მოსამსახურეები, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები