25 თებერვალს „ომისა და გმირობის სამ წელს“ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინელები აღნიშნავენ. თბილისის უკრაინულ სახლში შეკრებილ უკრაინელებს საქართველო საიმედო თავშესაფრად მიაჩნიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ცენტრი მათთვის მხნეობისა და სამშობლოში დაბრუნების იმედისმომცემი ადგილია. გაიხსენეს, თუ როგორი იყო ცხოვრება ომამდე და როგორია ახლა, როდესაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათ ქვეყანას უტევს დაუკმაყოფილებელი ტირანია რუსეთის სახით. უკრაინულ სახლს ორი ძირითადი მხარდამჭერი ჰყავს – „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ საქართველოს წარმომადგენლობა და გერმანიის მთავრობა. თუმცა, დახმარებას იღებენ ქართველი მოხალისეებისგანაც. ამ სახლში ბევრი ხელით ნაკეთი ნივთი თუ თოჯინაა უკრაინული სიმბოლოებით, რომლებიც იყიდება და ამით თბილისში მცხოვრებ უკრაინელებს ეხმარებიან.
„თბილისის უკრაინული სახლი – ეს სახელწოდებაც უკვე თავად ატარებს დიდ მნიშვნელობას, რადგან ეს არის ჩვენთვის არა მხოლოდ თავშესაფარი, არამედ სახლი. ჩვენ, აქ მცხოვრები უკრაინელები, ქედს ვიხრით ქართველი მეგობრების წინაშე, ასეთი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. იმისთვის, რომ ეს სახლი არსებობს. ეს ადგილი არის ძალა თითოეული აქ მყოფი უკრაინელისთვის, რომ გავამხნეოთ ერთმანეთი და ვისწავლოთ ახალი ცხოვრება. სწორედ აქ შეგვიძლია ვიგრძნოთ თავი უკრაინელებად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, ვინც ამ სახლის დაარსებაში დაგვეხმარა და დღემდე გვერდით გვიდგას. საჭიროებები ბევრია, თუმცა ის რომ ეს სახლი ცდილობს, გადარჩეს და იარსებოს, მხოლოდ იმ ხალხისა თუ ორგანიზაციების დამსახურებით ხერხდება, ვინც დაუღალავად ჩვენ გვერდით დგას“, – განაცხადა „თბილისის უკრაინული სახლის” ადმინისტრატორმა ორესტა ოსიჩუკმა.
გაეროს განვითარების პროგრამისა და უკრაინული სახლის წარმომადგენლებმა ომის სამი წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ დაწესებულების შენარჩუნებას და განვითარებას. ეს კი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებს შექმნის უცხო, მაგრამ მეგობარ ქვეყანაში.
„ამ სახლის მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამის, გერმანიისა მთავრობისა თუ სხვა დონორების მხრიდან ერთგვარი საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, ამ შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის. ახლა, ამ მომენტში, როდესაც გეოპოლიტიკური ქარი გაურკვეველი მიმართულებით ქრის, მნიშვნელოვანია ხალხის მიერ ხალხის მხარდაჭერა. სახალხო მხარდაჭერას ერს შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურთან ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ მათი აქტივობისა და ცხოვრების გაუმჯობესების მხარდაჭერას საქართველოშიც. ასეთივე მხარდაჭერას ვუცხადებთ ბათუმში მცხოვრებ უკრაინელებსაც. ეს სახლი დახმარებასა და სერვისებს სთავაზობს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – ქალებს, ბავშებსა და მოხუცებს. გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, სიამაყით გავაგრძელებთ ამ ჰაბის მხარდაჭერას“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, დაგლას უებმა.
ავტორი: ალეკო გვეტაძე
