„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ 24 თებერვალს პარლამენტში ინიციირებული „მედიის კანონის“ პროექტის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემის წესები რეგულაციებს დაექვემდებარება.
კანონპროექტის მიხედვით, ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამართლებული იქნება მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება. ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის გამოყენება, ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე.
კანონპროექტის თანახმად, ამ მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიხედვით, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება-გადაცემა გამართლებული იქნება სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლადაც, ასევე კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას. თანხმობა არ იქნება საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირებაც.
„მედიის კანონის“ შემოღების აუცილებლობაზე „ქართულმა ოცნებამ“ 5 თებერვალს გამოაცხადა. საკანონმდებლო რეგულაციის ერთ-ერთი მუხლი მედიის დაფინანსების საკითხსაც შეეხება, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება ტელე/რადიომაუწყებლის, ონლაინმედიასაშუალების ან/და გამოცემის უცხოური წყაროებიდან დაფინანსება. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ამ რეგულაციის შემოღების მიზანია, „საზოგადოება დაცული იყოს უცხოური გავლენისგან“, რომელიც პარტიის წარმომადგენელთა შეფასებით, „საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“.
