104 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, პატიმრობა და გადასახლება.
ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომები იყო, აქ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა.
დღეს, 25 თებერვალს, იუნკრების მემორიალთან სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ მთავრობის წევრები, ოპოზიციონერი დეპუტატები და რიგითი მოქალაქეები. მათი განცხადებით, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი სამშობლოს თავისუფლებისთვის.
საბჭოთა ოკუპაცია საკმაოდ ხანგრძლივი იყო, საქართველომ მხოლოდ 70 წლის შემდეგ შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა. ხოლო 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა.
25 თებერვალი არის დღე, რომელსაც თავისი გმირები ჰყავს, საქართველო დღეს იხსენებს საოკუპაციო რეჟიმის რეპრესიებს შეწირულებს.
