კატეგორიები

„დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!“ – საბჭოთა ოკუპაციის დღეს მოქალაქეებმა მსვლელობები გამართეს

„დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!“ – საბჭოთა ოკუპაციის დღეს მოქალაქეებმა მსვლელობები გამართეს

„დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!“ – ეს შეძახილები ისმოდა საბჭოთა ოკუპაციის 104 წლისთავზე თბილისის ქუჩებში. დედაქალაქის მასშტაბით 1921 წლის თებერვლის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი მარშები გაიმართა. საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა და ეროვნულ გმირთა სახელობის მსვლელობები მარჯანიშვილის, ავლაბრისა და სადგურის მოედნებიდან, ვაკისა და გეგეშიძის პარკებიდან, ასევე სპორტის სასახლიდან და ამაღლების ქუჩიდან მოეწყო. მარშის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეულ მოქალაქეს მუდამ ახსოვდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც რუსული იმპერიის აგრესიას შეეწირა. ისინი 1921 წლის თებერვლის მოვლენებს ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესებს ადარებენ და აფასებენ როგორც რუსეთის მორიგ მცდელობას, სხვადასხვა გზით, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი.

10-მდე მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა. დემონსტრანტებმა დაიკავეს საავტომობილო გზა, შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან კი ფიცი დადეს.

„ჩვენი გმირების წინაშე, ვინც ჯავშნად გვედგა, ვინც ანდერძად დაგვიტოვა სახელოვნად გამარჯვება, ვინც არ დანებდა, ვინც 100 წლის წინ იბრძოლა ჩვენი თავისუფლების მტრების წინააღმდეგ, მათი სულების წინაშე, რომლებიც დღეს დაგვცქერიან ჩვენ, წარსული და დღევანდელი გმირების, 49 სინდისის პატიმრის სახელით, ისტორიისა და მომავლის წინაშე ვფიცავთ: არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს! სიტყვითა და საქმით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს! ვფიცავთ – ვიქნებით ერთად! ვფიცავთ – ვიბრძოლებთ ბოლომდე!“ – ნათქვამია აქციის მონაწილეთა მიერ დადებული ფიცის ტექსტში.

გმირთა მოედნიდან დემონსტრანტებმა სხვადასხვა შეძახილით, აქციებისას დაკავებულ პირთა სახელების სკანდირებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების, ასევე თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ – იმ ადგილას, სადაც 90-ე დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება. საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიური პროტესტის მონაწილეებიც. პირველ გიმნაზიასთან მოწყობილი სცენიდან მოქალაქეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. დემონსტრაციების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა პირებმაც. მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის, რაც, როგორც ისინი ამბობენ, მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან კი ხელოვანების პერფორმანსი მოეწყო. მხატვრებმა გამოფინეს საპროტესტო აქციების, დემონსტრანტების, ასევე დარბევის ამსახველი ნამუშევრები. მხატვარ მამუკა ცუცქირიძის თქმით, ერთი სპეციალურად დამზადებული ტილო ვაშინგტონში, ხოლო მეორე ბრიუსელში გაიგზავნება.

უწყვეტი პროტესტის 3 თვის თავზე დემონსტრანტთა მოთხოვნები უცვლელი რჩება – დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ როგორც პროევროპული აქციების, ისე 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისას დაკავებული პირები. სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული ჟურნალისტი და ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. ის სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პატიმრობაში რჩება „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძეც, რომელიც 41-ე დღეა, შიმშილობს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები