საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციას აზიარებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა „გაეროს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს, რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს მშვიდობის შესაძლებლობა“.
„აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, – წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ამავე დღეს გაერომ მიიღო უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიციირებული რეზოლუციაც, რომელშიც მკაფიოდაა განსაზღვრული რუსეთის როლი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით. ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა აშშ-მ და რუსეთმა მისცეს. საქართველომ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
