კატეგორიები

უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში

უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში

3 წლის წინ, როდესაც საოკუპაციო ძალები უკრაინულ ქალაქებს ალყაში აქცევდნენ, ათასობით უკრაინელი ქალი და ბავშვი ცდილობდა თავშესაფარი ეპოვა, მათ შორის ბევრი ჩამოვიდა საქართველოში.

შემდეგ იყო კიდევ ერთი რთული გზა. უკრაინელ ლტოლვილებს სოციალური ინტეგრაცია და ეკონომიკური განვითარება სჭირდებოდათ. ამაში მათ საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან, მათ შორის „ქეა კავკასია”, „გაეროს განვითარების პროგრამა” და ორგანიზაცია „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში”.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ მათი ბიზნესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები არ იყვნენ ჩამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ეს არ არის მათთვის ღირსეული და არავისთვის არ არის ეს სასიამოვნო”, – ამბობს ქეთი ხაჩიძე, „ქეა კავკასიის“ ხელმძღვანელი.

და ომიდან სამი წლისთავზე უკრაინელების ნაწილმა შეძლო ეკონომიკური თუ სოციალური ინტეგრაცია. მათ შორის არიან ვალერია და ალიონა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები ომის სამი წლისთავისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს.

„თავიდან, როცა საქართველოში ჩამოვედი, გამირთულდა, მაგრამ ორი კვირის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაღაც უნდა დამეწყო და დავიწყე სხვადასხვა სამკაულის შექმნა. თავიდან გამიჭირდა, რადგან ენის ბარიერი მქონდა, არ ვიცოდი ქართული, თუმცა ქართველი ხალხი და სხვადასხვა ორგანიზაცია ამ სირთულის გადალახვაში დამეხმარნენ. ახლა ცოტას ქართულადაც ვსაუბრობ, ჩემი პატარა ბიზნესიც ვითარდება, აქ ბევრი მეგობარი გავიჩინე“, – ამბობს უკრაინელი ლტოლვილი ვალერია პიუგინა.

„მართალი გითხრათ, ძალიან რთული იყო, რადგან ამ დროს უცხო ვიყავი, არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა, ვფიქრობდი, რომ ომი შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო და ჩემს სახლში დავბრუნებულიყავი, თუმცა ასე არ მოხდა. აქ გავხსენი საცხობი, სადაც ღვეზელებსა და უკრაინულ პურს ვაცხობთ. ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რადგან არავინ იცის, რა იქნება ხვალ. ვგრძნობ, რომ ახლა ჩემი ადგილი აქ არის. ვგულშემატკივრობ ჩემს სამშობლოს, უკრაინას. იქ ჩემი მშობლები ცხოვრობენ და მე მუდმივად ვნერვიულობ მათზე”, – ამბობს უკრაინელი ლტოლვილი, ალიონა ფიოდორენკო.

დღეს საქართველოში დაახლოებით 29 000 უკრაინელი ცხოვრობს. ცხოვრობენ იმედით, რომ მალე მათ სამშობლოში სამართლიანი მშვიდობა დამყარდება და დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები