კატეგორიები

პარლამენტში „მედიის კანონი“ დარეგისტრირდა

პარლამენტში „მედიის კანონი“ დარეგისტრირდა

24 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მედიის საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი დააინიციირა.

პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ახალი „მედიის კანონი“ „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“. კერძოდ, ცნობილია, რომ კანონით დადგინდება მედიასაშუალებათა ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, არჩილ გორდულაძის თქმით, ამ სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მედიასაშუალებას პირველ ეტაპზე გააფრთხილებენ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მას ჯარიმა დაეკისრება. „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ კანონის მიზანი არაა მედიის საქმიანობის რაიმე ფორმით შეზღუდვა.

„ხელისუფლების სურვილი არ არის, რომ მედია იყოს ცენზურის ქვეშ. ამ ხელისუფლების პირობებში არცერთ მედიასაშუალებას რაიმე სისტემური, ან სხვა სახის პრობლემა არ შეჰქმნია, იმიტომ რომ ეს არ არის ამ ხელისუფლების მიზანი და ხასიათი. სახეზე გვაქვს ერთი მოცემულობა და ფაქტი – მედიასივრცე დღეს დაზიანებულია. სწორედ ამას სჭირდება მოწესრიგება, დარეგულირება. ევროპის ყველა სახელმწიფოში არსებობს მედიარეგულაციები და თუ იქ ეს მედიარეგულაცია ნიშნავს მაღალი სტანდარტის მიღწევის საშუალებას, რატომ უნდა ნიშნავდეს ჩვენს ქვეყანაში საპირისპიროს?!“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მედიის შემოსავლებსაც. კერძოდ, შეიზღუდება უცხოური დაფინანსება, რადგან პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამით მედია „უცხო დამფინანსებლის ინტერესებს ატარებს“.

„რადგანაც [უცხოურ] თანხებს აუცილებლად მოჰყვება გავლენა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს ჭეშმარიტი ინფორმაცია, მათ შორის საზოგადოება დაცული იყოს უცხოური გავლენისგან. როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის არის აკრძალული უცხოური დაფინანსება, ასევე იქნება მედიაზეც, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს შესაძლებლობა, იქონიოს გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მნიშვნელოვანია, ამ აზრის ფორმირებაზე გავლენა არ იყოს უცხოური“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გარდა „მედიის კანონის“ მიღებაზე ცნობილი 5 თებერვალს გახდა. მაშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ კანონს „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“ მიიღებენ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები