გერმანიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. არჩევნები ჩატარდა დაგეგმილზე შვიდი თვით ადრე. ამომრჩეველთა აქტივობამ 83.5% შეადგინა, რაც ქვეყნის გაერთიანების შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
გერმანიის არჩევნებს მთელი ევროპა ყურადღებით აკვირდებოდა, რადგანაც შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ გერმანიაზე, არამედ მთელ ევროპაზე.
წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ამომრჩეველთათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო ეკონომიკა და უკანონო მიგრაცია. პარტიებიც საარჩევნო კამპანიებს სწორედ ამ თემების გარშემო მართავდნენ.
პირველადი მონაცემებით, კომფორტული სხვაობით იმარჯვებს „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ ხმათა 28.5%-ით. მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმათა 20.8%-ით; მესამე ადგილს დასჯერდება მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ხმათა 16.4%-ით. მეოთხე ადგილს დაიკავებენ ე.წ. „მწვანეები“, რომლის წარმომადგენელიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, 11.6%-ით. მეხუთე ადგილზე კი „მემარცხენეები“ ხმათა 8.8%-ით.
ბუნდესტაგში შესასვლელად პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. წინასაარჩევნო კვლევებიც სწორედ ამგვარ შედეგებს აჩვენებდა და ამას საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი შეშფოთება მოჰყვა.
კერძოდ, შეშფოთება გამოიწვია ულტრამემარჯვენეების გაძლიერებამ. აღსანიშნავია, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 10.4% მიიღო, რაც ნიშნავს რომ არასრულ ოთხ წელიწადში მათი მხარდაჭერა გაორმაგდა.
ექსპერტების თქმით, უკანონო მიგრაციის მაჩვენებლის ზრდაა მთავარი განმაპირობებელი მათი მხარდაჭერის ზრდის. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ უკანონო მიგრაციაა მთავარი განმაპირობებელი იმის, რომ ქვეყანაში ხელფასები დაბალ ნიშნულზე რჩება.
მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაკარგა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“. გასულ არჩევნებთან შედარებით, მათი მხარდამჭერთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა.
ოლაფ შოლცმა უკვე აღიარა არჩევნებში დამარცხება და აღნიშნა, რომ შედეგებზე პირადადაა პასუხისმგებელი, თუმცა ამის მიუხედავად, მათ მომავლისკენ სვლა უნდა განაგრძონ.
მხარდაჭერა გაზარდეს „მემარცხენეებმაც“, რომლებმაც გასულ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ვერ მოახერხეს, თუმცა ამჯერად მათ ხმათა თითქმის 9% მიიღეს.
რაც შეეხება პარლამენტში ადგილების გადანაწილებას, ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქრისტიან-დემოკრატები“ მიიღებენ 208 ადგილს, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიიღებს 151 ადგილს, „სოციალ-დემოკრატები“ მიიღებენ 121 ადგილს, „მწვანეები“ 85 ადგილს, ხოლო „მემარცხენეები“ 64 ადგილს. ბუნდესტაგში სულ 630 დეპუტატია, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კი 316 მანდატია საჭირო.
პარტიების ლიდერებმა პირველი განცხადებები უკვე გააკეთეს:
„ბევრი ვიდავეთ ქვეყნის უმთავრეს პრობლემებზე – ეკონომიკურ პოლიტიკაზე, მიგრაციაზე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და შიდა უსაფრთხოებაზე. ახლა კი დროა ერთმანეთს დაველაპარაკოთ“ – გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი, ფრიდრიხ მერცი“ – ამბობს ფრიდრიხ მერცი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და გერმანიის მომავალი კანცლერი.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის ძალიან ცუდი შედეგებია. ეს დიდი მარცხია. და ეს მარცხი ვფიქრობ, თავიდანვე ცხადი იყო. ამ შედეგების მიუხედავად, ჩვენ მომავლისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ“ – გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლად შოლცი“, – აცხადებს გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლად შოლცი.
„ჩვენი მხარდაჭერა გაორმაგდა მაშინ, როცა მისი განახევრება უნდოდათ. საპირისპირო რამ მოხდა და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მთავრობის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად, ყველაფრისთვის მზად ვართ“, – ამბობს ალის ვაიდელი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი.
საზოგადოების ნაწილში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაძლიერებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია. ფრიდრიხ მერცი შეპირდა ამომრჩეველს, რომ არცერთ შემთხვევაში მათთან კოალიციას არ შეკრავდა, თუმცა ულტრამემარჯვენეების ლიდერმა, ალის ვაიდელმა, კოალიციის შეკვრის ინიციატივით ფრიდრიხ მერცს უკვე მიმართა.
სავარაუდოდ, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ კოალიციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს გამართავს „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“.
ამ ორ პარტიას ერთად 329 ადგილი აქვს, ხოლო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 316 ადგილია საჭირო, რაც ორ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.