ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ბლოკის 27 სახელმწიფოს პირველი დიპლომატები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.
კაია კალასის განმარტებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირის წუხილს იწვევს, შესაბამისად გრძელდება მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა დამატებით ზომებს შეიძლება მიმართოს ბრიუსელმა.
24 თებერვალს ბრიუსელში დიპლომატების შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინაში რუსული აგრესიის 3 წლის თავი და სამშვიდობო პროცესში არსებული ახალი გარემოებებია. დღესვე, ევროპელი დიპლომატები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული მე-16 სასანქციო პაკეტის საკითხს. განხილვის ერთ-ერთი თემაა ახლო აღმოსავლეთიც. ამ საკითხზე ევროპელებთან ერთად გაეროს წარმომადგენლებიც იმსჯელებენ.
„ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ამას დაეთანხმონ, მაგრამ ჩვენ მცდელობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა კაია კალასმა შეხვედრის დაწყებამდე.
„გვექნება საუბარი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით და ვაკვირდებოდით, რომ ქართველ ხალხს სურს იმისგან განსხვავებული მომავალი, რაშიც ახლა ქვეყნის ხელისუფლებაა ჩართული. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა.
„ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა იქნას განხილული, რადგან ჩატარებულ არჩევნებამდე არათანაბარი პირობები, არჩევნებისას კი, ბევრი დარღვევა იყო. ვთვლი, რომ ახლა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ. ნიდერლანდები დგას ქართველი ხალხის გვერდით, მათ შორის, ევროპულ მისწრაფებებში და ამას გააძლიერებს”, – თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა.
