„პატივი მივაგოთ გმირულად მებრძოლ ქვეყანას“ – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე მოქალაქეებმა თბილისში სოლიდარობის აქცია გამართეს. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ უკრაინიდან ომის გამო იძულებით გადაადგილებული პირები, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში დაღუპულ ქართველ გმირთა ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინის დიპლომატიურ უწყებასთან მოქალაქეებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის მსხვერპლ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. მოგვიანებით მათ გადაინაცვლეს ილია ჭავჭავაძის გამზირის გავლით ტარას შევჩენკოს ძეგლთან, სადაც ასევე უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა გაშალეს საქართველოსა და უკრაინის დროშები და შეძახილებით „დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!“ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში, რათა ვაჩვენოთ ყველას, რამდენად ძლიერი ერი ვართ, რომ არავის ეგონოს, რომ ნებისმიერს შეუძლია ჩვენს სამშობლოში შემოჭრა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მან ჩვენს ქვეყანას უამრავი ტკივილი მიაყენა. მან პასუხი უნდა აგოს თითოეული მოქალაქის დაღვრილი სისხლისთვის, თითოეული უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლისა და ჩვენი სამშობლოს თითოეული დამცველისთვის“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც რუსეთის ომის გამო უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა.
3 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 05:00 საათზე, „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ საბაბით რუსეთი უკრაინას რამდენიმე მიმართულებიდან, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდან თავს დაესხა. გაეროს განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვია. სამხედრო აგრესიის პირველ დღეებში ინტენსიურად იბომბებოდა კიევი, რუსული ჯარის დანაყოფები კი უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რაიონებში გამოჩნდნენ. 2022 წლის 24 თებერვლიდან რამდენიმე კვირაში უკრაინულმა სამხედრო მმართველობამ შეძლო მოწინააღმდეგის უკუგდება კიევის ოლქიდან, რამდენიმე თვეში კი ცალკეულ მიმართულებებზე კონტრშეტევა წამოიწყო.
გაეროს მონაცემებით, 3 წლის განმავლობაში რუსულ აგრესიას 13 000-მდე მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ეს რაოდენობა ზუსტ სურათს არ ასახავს, რადგან მასში არაა გათვალისწინებული მონაცემები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან. კრემლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო ასობით დასახლება მიწასთანაა გასწორებული, მათ შორის ქალაქები – მარიუპოლი და ბახმუტი. ნაწილობრივაა ოკუპირებული ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქები. უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებსა და საცხოვრებელ სახლებზე. იერიშების ერთ-ერთი სამიზნე ომის მესამე წლისთავზე კვლავ რჩება კიევი.
სამხედრო აგრესიას რუსეთი „სრულმასშტაბიან ომად“ არ მიიჩნევს და მას დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.
