„ცალსახაა, რომ ნაბიჯები, რომელთაც საქართველო დგამს, ევროპისკენ არ მიდის“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლოკის 27 სახელმწიფოს პირველმა დიპლომატებმა სხვა საკითხებთან ერთად 24 თებერვლის შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.
„განვიხილეთ საქართველოში შექმნილი ვითარება. რეპრესიული კანონების მიღება და გადამეტებული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ საგანგაშოა. თითოეული მათგანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცალსახაა, რომ ნაბიჯები, რომელთაც საქართველო დგამს, ევროპისკენ არ მიდის. ჩვენ ველით გარკვეულ ღირებულებებს, გარკვეულ ქმედებებს კანდიდატი ქვეყნისგან. საქართველო ამ ნაბიჯებს ნამდვილად არ დგამს”, – განაცხადა კაია კალასმა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის სამი წლის თავზე შეხვედრის მთავარი თემა, ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. შეხვედრის შემდეგ კაია კალასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და ევროპამ უკრაინა უნდა გააძლიეროს, რათა ქვეყანამ, რომელიც სამი წელია რუსეთის აგრესიას ებრძვის, არახელსაყრელ გარიგებაზე უარის თქმა შეძლოს.
