უკვე 88-ე დღეა, უცვლელი ვითარებაა რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით, ესენია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ყველა დაკავებული უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ასეთი კი 50-ზე მეტი მოქალაქეა. იურისტები კი აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმეები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
ტრადიციულად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას საპროტესტო მარშით შეუერთდნენ ის დემონსტრანტები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან იყვნენ შეკრებილები.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.