გერმანიის ოპოზიციის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, ხუთშაბათს ბერლინში თავისი წინასაარჩევნო კამპანია განაახლა.
თავის გამოსვლაში მერცმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე გაკეთებული განცხადებების გამო.
„გუშინდელი დღიდან დონალდ ტრამპის განცხადებები ზელენსკისა და უკრაინაზე, ცხადს ხდის, რა ხდება აქ. განხეთქილება დასავლეთში უფრო და უფრო ღრმავდება და საკითხავია, ჯერ კიდევ შეგვეძლება თუ არა ამერიკელებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოში გაწევრების 70 წლისთავის აღნიშვნა? კითხვა უპასუხოდ რჩება“, – ამბობს „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი.
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვირას, 23 თებერვალს ჩატარდება.
გერმანია ევროპის უდიდესი ეკონომიკა და უკრაინისთვის იარაღის მეორე უდიდესი მიმწოდებელია, რის გამოც მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
„მოდით გვქონდეს საუკეთესოს იმედი და მოვემზადოთ ყველაზე ცუდისთვის. ყველაზე ცუდი კი შესაძლოა ის იყოს, რომ ჩვენ, ევროპელებმა, საბოლოოდ უნდა ავიღოთ ხელში ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება, რადგან აშშ-გან უსაფრთხოების გარანტიები აღარ არის“, – ამბობს „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი.
წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრიდრიხ მერცის პარტიის რეიტინგი 30%-ია, ხოლო მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 22%-ით.
ყველა პარტია ღიად აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენეებთან კოალიციას არ შეკრავს.