200-ზე მეტი ჟურნალისტი და 80-ზე მეტი ორგანიზაცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, მოხსნას მის მიმართ წაყენებული არაპროპორციული ბრალდებები და მისდამი არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს. ჩვენ გვერდში ვუდგავართ მზია ამაღლობელს, მის კოლეგებს „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ და საქართველოს ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტს“, – წერია განცხადებაში, რომელსაც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ავრცელებს.
განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან ჟურნალისტები, საინფორმაციო სამსახურები, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებაში წერია ისიც, რომ მზია ამაღლობელმა კარიერის განმავლობაში ურყევი გამბედაობა და მტკიცე ერთგულება გამოიჩინა დემოკრატიული პრინციპების დაცვის, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით.