მთავარიგადაცემებიCULTსააჩის გალერეა ყვავილების გამოფენას მასპინძლობს - ყვავილები ხელოვნებაში, მოდასა და ციფრულ ინოვაციებში

სააჩის გალერეა ყვავილების გამოფენას მასპინძლობს – ყვავილები ხელოვნებაში, მოდასა და ციფრულ ინოვაციებში

ლონდონის სააჩის გალერეაში გაზაფხულმა უკვე შეაღო კარი. ახალი გამოფენა ახალ კონცეფციას ეძღვნება – რომელიც ხელოვნების მოყვარულთა თვალწინ შლის, თუ როგორ შთააგონებს ყვავილები ხელოვნებას, მოდასა და ციფრულ ინოვაციებს ისე, რომ ყვავილი მხოლოდ მშვენიერების სიმბოლო კი არ არის, არამედ ცხოვრებისა და გარდაქმნის.

გაზაფხულმა უკვე შეაღო კარი ლონდონის სააჩის გალერეაში, სადაც ახალი გამოფენა ეძღვნება ყვავილებსა და მათ გავლენას ადამიანის შემოქმედებით ნიჭსა და წარმოსახვაზე, რომელიც ვლინდება როგორც მხატვრობაში, ისე ფოტოგრაფიაში, მოდასა და ფილმებში.

გამოფენა სახელწოდებით – „ყვავილები – ფლორა და თანამედროვე ხელოვნება და კულტურა“ 500-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. ხელოვნების ნიმუშები ეძღვნება ყვავილებს, რომელთაც მხოლოდ სილამაზის გამო კი არ ირჩევენ შთაგონების წყაროდ, არამედ იმიტომ, რომ მათ ჩვენი გრძნობების სიმბოლოდ და მეტაფორად აღიქვამენ.

“ყვავილები რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ძალიან აქტუალურია და ჩვენთან წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც მხოლოდ ამ გამოფენისთვის შექმნეს თანამედროვე ხელოვანებმა. ეს გამოფენა ბედნიერების განცდას აღძრავს. გვინდა, რომ ხალხს ამაღლებული განწყობა შეექმნას  ამ ყვავილების ხილვის შემდეგ,“ – ამბობს როზი გრანტი, სააჩის გალერეის გამოფენის პროგრამის ხელმძღვანელი.

ქალაქის მთავარი ქუჩით დაწყებული და მაღალი მოდის პოდიუმით დამთავრებული ყვავილები ისევ მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში დგას. ფინური დიზაინერული სახლისთვის Marimekko ყვავილის ფორმის საგნები სამარკო ხელწერად იქცა.

“ჩვენ არ ვუყურებთ ყვავილს, როგორც უბრალოდ ყვავილს“, – განმარტავს  რებეკა ბეი, Marimekko-ს სამხატვრო ხელმძღვანელი.

„ყვავილი ჩვენთვის არის აბსტრაქტული ცნება, ყვავილის იდეა და სწორედ ასე აღვიქვამთ ყვავილის პრინტებს ჩვენ კოლექციებში. ჩემი აზრით, ამის ხიბლი ის არის, რომ თავად წყვეტ ყვავილი მოგწონს, როგორც საგანი თუ როგორც ემოცია, რომელსაც ყვავილი იწვევს.“

გრანდიოზული ინსტალაცია სახელწოდებით “მკვდარი ყვავილი“  100 ათასი გამომშრალი ყვავილისგან  შექმნა ბრიტანელმა ხელოვანმა რებეკა ლუის ლოუმ. ეს ნამუშევარი უღრმავდება სიცოცხლის, სიკვდილისა და ბუნებასთან ჩვენი დამოკიდებულების საზრისს.

“ამ ნამუშევრის თემა არის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის,“ – ამბობს  რებეკა ლუის ლოუ. „ეს გამხმარი ყვავილებია თუ ჩვენ მათ სიცოცხლე დავუბრუნეთ? ისმის კითხვები, გვჭირდება კი ამაზე მეტი, თუ საკმარისია რაც გვაქვს და შეგვიძლია ხელახლა გამოვიყენოთ ის, რაც უკვე გვაქვს.?“

ფრანგი ხელოვანი მიგელ შევალიე  ბუნებას ციფრული ხელოვნების საშუალებით ახალ სახეს აძლევს.  მისი ნამუშევარი სახელწოდებით – „ზებუნებრივი“ ვირტუალური ბაღია, რომელიც გენერაციული ალგორითმის საშუალებით იშლება და მნახველთან კონტაქტში შედის, როდესაც უახლოვდებიან.

“ეს ნამუშევარი ერთგვარი პატივის მიგებაა მონესთვის,“ – განმარტავს მიგელ შევალიე. „მონე ცდილობდა დრო დაეჭირა, იგი სულ სხვადასხვა განათების დროს მუშაობდა და ჩვენც იგივე გვსურს, თუმცა ჩვენ ათასობით სხვადასხვა შუქ-ჩრდილის შექმნა შეგვიძლია.“

გამოფენა „ყვავილები – ფლორა და თანამედროვე ხელოვნება და კულტურა“   ლონდონის სააჩის გალერეაში 5 მაისამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: დეიმონ ემბლინგი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend