რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა. ფინანსური დახმარების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ დელბამ ისაუბრა.
ხელფასები აუნაზღაურდებათ ოკუპირებული აფხაზეთის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულები.
„იანვარში რუსეთმა უკვე გადმოურიცხა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი. მეორე ტრანშის ჯამი 72 მილიონი რუბლია. ამ თანხიდან გავცემთ ჯანდაცვის სისტემაში, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულების ხელფასებს”, – განაცხადა დელბამ.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთს 2025 წელს 5,2 მილიარდი რუბლით დაეხმარებოდა.